1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

რუსული იმპერიალიზმის ჰორკრუქსები

ბლოგი

13-06-2018 03:47

ნახვა: 554

გაზიარება:

ძალიან ხშირად გავბრაზებულვარ საქართველოს მოსახლეობის ნოსტალგიასა და სიყვარულზე დამპყრობელი რუსული პოლიტიკის მიმართ. გავბრაზებულვარ იმაზე, რომ არ ჩნდება საზოგადოებაში საკმარისი პროტესტი მცოცავი ოკუპაციის შესახებ. გასაგებია, რომ ახლად გათავისუფლებულ მონას თავისუფლება აშინებს და კვლავ ბატონის კალთისკენ იწევს, მაგრამ ამ მოვლენას უფრო ღრმა საფუძვლები უნდა ჰქონდეს.

 

საქართველო პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოა. ისტორიული ფაქტის მიღმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეოლოგიური და კულტურული პრობლემაა, რომლის აღქმისა და შეფასება-გადაფასების გარეშე, ჩემი აზრით, განვითარება არ გვიწერია. პოსტ-იმპერიალურ სახელმწიფოს, არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ კულტურულ და იდეოლოგიურ დონეზეც აქვს მოსაპოვებელი თავისუფლება.

 

იმპერია, ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს აერთიანებს ერთი დროშის ქვეშ და მართულია ცენტრიდან ერთი იდეოლოგიით. შეუძლებელია მძლავრი იმპერია შეიქმნას მხოლოდ სამხედრო სიძლიერით, თუკი მას იდეოლოგიური სიმყარე არ აქვს. კარგი ისტორიული მაგალითი მონღოლეთია - მხოლოდ სამხედრო ძლიერების ხარჯზე მყოფი უკულტურო იმპერია, რომელიც მალე დაიშალა და დღეს მისი არსებობის მხოლოდ ისტორიული დასტურები შემოგვრჩა.

 

ნამდვილი იმპერია მარადიულია - ძველი საბერძნეთი და რომი დღესაც არსებობს: თანამედროვე მეცნიერებანი ისევ ბერძნულ ტერმინებს იყენებენ, უმრავლესი მათგანი როგორც მეცნიერება, სწორედ ათენში ჩამოყალიბდა. კაცობრიობა დღემდე იყენებს რომაელების შექმნილ კალენდარს. ეს იმპერიები, როგორც პოლიტიკური ერთეულები, საუკუნეების წინ განადგურდნენ, მაგრამ კვლავ არსებობენ კულტურულ ჭრილში. მსოფლიო მასშტაბის უკანასკნელი პოლიტიკური იმპერია ალბათ ბრიტანეთი იყო, სადაც ფრთიანი ფრაზის მიხედვით, მზე არასდროს ჩადიოდა.

 

საბჭოთა კავშირიც მძლავრი პოლიტიკური ძალის მქონე იმპერია იყო, რომელსაც მყარი იდეოლოგიური საფუძვლები და მათი გავრცელების მისიონერული ფუნქცია ჰქონდა. კომუნისტური, პოლიტიკური ელიტა საუბედუროდ საკმარისად ჭკვიანი გამოდგა, იმპერიის სამსახურში ხელოვნება და კულტურა ჩააყენეს და თითქმის მარადიულად აქციეს. სწორედ ამიტომ, როგორი მტკიცე პოლიტიკური ნებაც არ უნდა გვქონდეს, კულტურულ-იდეოლოგიური რევოლუციის გარეშე, იმპერიისგან ნამდვილი გათავისუფლება შეუძლებელია. საბჭოთა იდეოლოგიის ლიტერატურაში, კინოსა და ხელოვნების სხვა ფორმებში ჩასახვით, მათ შეძლეს საბჭოთა ხალხის იდენტობა ჩამოეყალიბებინათ. ამ იდენტობისგან გათავისუფლება კი, ძალიან გრძელვადიანი და მტკივნეული პროცესია. სწორედ ეს ქმნის ძალიან დიდ განსხვავებას პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის.

 

საქართველოს ისტორია რაღაც მხრივ, იმპერიებთან ბრძოლის ისტორიაცაა და საუკუნეების განმავლობაში ენის, სარწმუნოების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებით, პოლიტიკური თუ არა, კულტურული თავისუფლების შენარჩუნებას მაინც ვახერხებდით. მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ დაიწყო ქართული კულტურის იმპერიულთან ადაპტაცია, რითაც თავისუფლების მოსაპოვებელი უმთავრესი იარაღიც წაგვართვეს.

 

ერის კულტურული კუთვნილების და ფასეულობების ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა აქვს რელიგიას და სწორედ ის იყო საქართველოს, როგორც კულტურული, ასევე პოლიტიკური ერთობის შენარჩუნების გარანტი და უზრუნველმყოფელი საუკუნეების განმავლობაში. რუსეთის იმპერიამ კი, ავტოკეფალიის გაუქმებითა და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის აკრძალვით, საქართველოს კულტურული იდენტობის არსებობას საფრთხე შეუქმნა. საბჭოთა კავშირმა ჯერ რელიგიასთან ომი გამოაცხადა, ეკლესიები დაანგრია და სიმწრით შენარჩუნებული ნაციონალური სასულიერო ელიტა გაანადგურა. შემდეგ კი, როგორც ჭეშმარიტად ტოტალიტარულმა სახელმწიფომ, თვითონვე შემქნა ახალი ეკლესია, რომელზეც მკაცრ პოლიტიკურ კონტროლს ახორციელებდა. შესაბამისად, ეკლესიაც ჩააყენა იმპერიული იდეოლოგიის უშუალო სამსახურში, რაც რუსეთის იმპერიაშიც შეინიშნებოდა, მაგრამ ამჯერად მასშტაბები მეტი პოლიტიკური კონტროლით გაიზარდა. საქართველოში კი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არათუ ლუსტრაციის კანონი, მცირე რეფორმაც არ გატარებულა ეკლესიაში; რაც ჩემში ძალიან მტკივნეულ ეჭვს იწვევს და იმ გამოცანას ხსნის თუ რატომ არის ქართული ეკლესიის ზოგიერთი განცხადება ასეთ დისონანსში რელიგიურ საწყისებთან.

 

თანამედროევეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნში, ჯოან როულინგის ,,ჰარი პოტერში’’ მოცემულია უკვდავების მიღწევის საკმაოდ საინტერესო საშუალება, რომელსაც მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, ლორდი ვოლდემორი იყენებს. ის ქმნის ჰორკრუქსებს, ნივთებს, სადაც საკუთარი სულის ნაწილებს ათავსებს. სანამ ეს ნივთები არსებობს, ვოლდემორიც ცოცხალია. საბჭოთა კავშირმაც დატოვა ბევრი ჰორკრუქსი საზოგადოების პოლიტიკურ და კულტურულ ცნობიერებაში. სანამ მისი შექმნილი სისტემები არსებობს, საბჭოთა კავშირი, როგორც იდეოლოგიური მოვლენაც იარსებებს და იარსებებს მის მიმართ ნოსტალგიაც. ამ ნოსტალგიას თანამედროვე რუსეთის ფედერაციაც იზიარებს, ამიტომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობას დიდი საფრთხე ემუქრება. თავისუფლებას კი მანამ ვერ მოვიპოვებთ, სანამ საბჭოთა იდენტობის ჩვენივე თავში განადგურებას არ შევძლებთ. საფრთხე ექმნება ჩვენივე ისტორიულ არჩევანსაც ევროპული იდენტობის შესახებ, რომელიც სწორედ რუსულმა იმპერიალიზმმა დაგვავიწყა. ამავე წიგნში მოცემულია ჰორკრუქსის მოქმედების ეფექტი, როგორ იმონებს ადამიანს და ცვლის იდენტობას. საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური კულტურა, ეკლესიის ინსტიტუტი და სხვადასხვა სოციალური ქცევის ასპექტი სწორედ საბჭოთა ჰორკრუქსებია.

 

ხშირად სრულიად სამართლიანად გვაღშფოთებს სტალინის მიმართ ხალხის სიყვარული და მის საპატივცემულოდ აღმართული ძეგლები. სწორედ სტალინია მავნე საბჭოთა იდეოლოგიის უკვდავების შემოქმედი. სწორედ ის მიხვდა იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში ხელოვნების მნიშვნელობას და რევოლუცია რუსული იმპერიის ისტორიის გაგრძელებად მონათლა. მწერლებს რუს პოლიტიკურ ლიდერებზე წიგნების დაწერა უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ დაავალა, რითაც რუსეთის ისტორიასთან დაკავშირება და მის გაგრძელებლად გამოჩენა მოახერხა. მან საკუთარი თავის ჩანერგვა საქართველოს ისტორიაშიც სცადა: კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა ,,ბელადი’’ და ,,დავით აღმაშენებელი’’ - პოლიტიკური ლიდერის კულტის ისტორიული პარალელი. არსებობს ირაკლი თოიძის ნახატი, სადაც ახალგაზრდა სტალინი ილია ჭავჭავაძეს ლექსს უკითხავს, კედელზე კი შოთა რუსთაველის სურათი კიდია. სტალინი ცდილობდა პეტრე პირველის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის საქმის გამგრძელებლად გამოჩენილიყო. მისი მეთვალყურეობით დაიწერა საქართველოს ისტორიის სახელმღვანელოებიც, რაც სკოლებში დღემდე ისწავლება.

 

სწორედ საბჭოთა ჰორკრუქსის ბრალია, რომ სახელმწიფოსა და რელიგიას შორის აუცილებელ სეკულარიზაციასაც ვერ ვახერხებთ. თუმცა, თუკი მალე მოვეგებით გონს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21) კონსტიტუციას ჩავხედავთ, იმასაც ამოვიკითხავთ, რომ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ პოლიტიკურ სისტემას ვაშენებდით, სადაც სახელმწიფო და რელიგია გაყოფილი იყო: არც რომელიმე სარწმუნეობას ენიჭებოდა რაიმე სახის უპირატესობა და არც სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა.

 

მსოფლიო ისტორიაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს სხვებთან შედარებითი ძლიერება, ანუ იმპერიული წესრიგი, ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა საუკუნეების განმავლობაში, დასავლეთი და მისი კულტურა პოლიტიკურიდან იდეოლოგიურ იმპერიად ჩამოყალიბდა, რომლის ლიდერი დღეს ამერიკის შეერთებული შტატებია. მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს სამართლიანად უწოდა ,,ბოროტების იმპერია’’. ეს სახელმწიფო მოსახლეობაზე ძალადობდა და საერთაშორისო არენაზეც ძალადობრივი, ექსპანსიური პოლიტიკით გამოირჩეოდა. აი დასავლური იმპერიალიზმის იდეოლოგია კი, მეორე მსოფლიო ომმა ფუნდამენტალურად შეცვალა და მშვიდობისმყოფელი გახადა. დღეს, დასავლური პოლიტიკური იარაღი ტანკების მაგივრად, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გავრცელებაა. ,,ჰორკრუქსებისგან’’ გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველო ადვილად შეძლებს ევროპის მხარეს სრულფასოვნად თავის დამკვიდრებას, რადგან მათთან საერთო იდენტობა გვაკავშირებს. თუ ჰორკრუქსებს გავანადგურებთ, საკუთარ თავსაც დავიბრუნებთ, რომელიც დასაბამიდან დასავლურ ცივილიზაციას ეკუთვნის.

 

ავტორი: იკო ხეცურიანი