1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

გაბრაზების დროა

ბლოგი

13-06-2018 12:16

ნახვა: 489

გაზიარება:

მახსოვს, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, როდესაც ერთ-ერთ გასაუბრებაზე მითხრეს, რომ გოგოს ამ სამუშაოს შესრულება გამიჭირდებოდა. ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე იყო გამოცხადებული. მაშინ არც მიკამათია, არც საპირისპირო დამიმტკიცებია, უბრალოდ, შეურაცხყოფილი დავრჩი, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დაუფარავად მითხრეს, რომ გარკვეულ სამუშაოს ერთადერთი მიზეზით ვერ შევასრულებდი - გოგო ვიყავი.

 

მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია, რამდენად რთულია ჩვენთვის, ქალებისთვის, ცხოვრება. რამდენად ბევრ ბარიერს ვაწყდებით და რამდენად შეგვწევს ამ დაბრკოლებებთან მუდმივად ბრძოლის უნარი, მითუმეტეს, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება. მანამ, სანამ ვიბადებით.

 

1990-2010 წლებში საქართველოში სელექციური აბორტების შედეგად 25,000 გოგონა ვერ დაიბადა. 25,000 გოგო არ ისურვეს საქართველოში მამებმა, ბიძებმა, ბებიებმა, დედებმა. ყველაფერი იმ მომენტიდან იწყება, როდესაც ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, მისცენ გოგონას დაბადების უფლება, თუ სანატრელ "გვარის გამგრძელებელს" დაელოდონ.

 

ვიბადებით.

 

ვიბადებით და ჩვენს მშობლებს ახლობლები ამშვიდებენ, რომ "გოგოები სხვანაირი თბილები და მოსიყვარულეები ვართ", რომ "ბიჭებიც აუცილებლად ეყოლებათ", რომ "გოგოები საოჯახო საქმეებში მივეხმარებით ქალებს", "სიბერეში მოვუვლით მშობლებს."

 

ვიბადებით და ზუსტად იმ სახელებს გვირჩევენ, როგორი ემოციითაც მიგვიღეს. საქართველოში მეწყინა 17 ადამიანს ჰქვია და 17-ვე ქალია; არმინდა- 31 ადამიანს, 30 კი ქალია. ის სევდა და იმედგაცრუება, რომელიც ჩვენს ოჯახში დაბადებას მოყვა მთელი ცხოვრება გვახსენებს თავს, მთელი ცხოვრება თან გვდევს.

 

ვიზრდებით.

 

ვიზრდებით და ვიგებთ, რომ ბიჭებისთვის "გოგოს" დაძახება შეურაცხმყოფელია. ვიზრდებით და ვიგებთ, რომ გოგოებს ბიჭებივით ხეზე ძრომიალი, სირბილი, ხმაური და ცელქობა არ შეგვშვენის ("რას დარბიხარ გოგო, ბიჭი ხარ?!"). ვიზრდებით და ვიგებთ, რომ ჩვენ წყნარები, მშვიდები, მორჩილები უნდა ვიყოთ, რომ ტირილის უფლება გვაქვს, ბიჭები კი აქტიურები და აგრესიულები უნდა იყვნენ და რომ მათგან ემოციების გამოხატვა და ცრემლები სამარცხვინო და სასაცილოა. ვიზრდებით და ვიგებთ, რომ თუ ბიჭი გვირტყამს და გვტკენს, ამით მოწონებას და სიმპათიას გამოხატავს.

 

ვიზრდებით, თუმცა არა ერთნაირად.

 

ჩვენ პრინცესობა, ვარდისფერი ფერი, სახლობანას თამაში, თოჯინები უნდა გვიყვარდეს, ბიჭებს კი მანქანები, სათამაშო იარაღები, ბურთი და სუპერგმირები. ჩვენ ემოციურ თამაშებს გვთავაზობენ, ბიჭებს კი - ლოგიკურ და სპორტულ აქტივობასთან დაკავშირებულს.

 

საბავშვო მაღაზიებშიც სწორედ ამგვარადაა გოგოსა და ბიჭის სათამაშოები დაყოფილი: გოგოებისთვის - თოჯინები, სათამაშო სამზარეულოს მოწყობილობები, მაკიაჟის ნაკრებები, ბიჭებისთვის კი - კონსტრუქტორები, მანქანები, სათამაშო თოფები, სუპერ გმირების აღჭურვილობები და სხვა.

 

ვკითხულობთ.

 

ვკითხულობთ ზღაპრებს პრინცესების შესახებ, რომლებიც კოშკში გამომწყვდეულები, მშველელს, მხსნელს ელოდებიან. ვკითხულობთ პატარა გოგონებზე, რომლებსაც მხოლოდ საოჯახო საქმეები და კულინარია ეხერხებათ. ვკითხულობთ პრინცესებზე, რომელთა გადარჩენის ერთადერთი შანსი ნამდვილი პრინცის გამოჩენა და მისი კოცნაა. ბედნიერი დასარულიც ხომ ყველგან ერთნაირია - ქორწინება.

 

წიგნების მაღაზიებშიც სტერეოტიპულად დაყოფილ საბავშვო ლიტერატურას ვხვდებით. ბიჭებისთვის: "საკითხავი ყმაწვილთათვის", "ამბები ბიჭებისთვის", "ზღაპრები ბიჭებისთვის", გოგონებისთვის კი: "ჯადოსნური სამყარო", "პრინცესას პრაქტიკული გზამკვლევი", "გოგონების მეგზური" და სხვა.

 

ვსწავლობთ.

 

ვსწავლობთ და თუ ნამდვილად კარგად ვსწავლობთ. თუ მათემატიკა, ფიზიკა გვეხერხება და ტექნიკური ნიჭიც გვაქვს, გვეუბნებიან, რომ ბიჭის ჭკუა გვაქვს და ბიჭივით ვაზროვნებთ. ვსწავლობთ, რომ ჩვენთვის გარკვეული პროფესიები არსებობს, რომ ჩვენგან არავინ ელის დიდი მიზნების მიღწევას და მწვერვალების დაპრყობას, რადგან დრო მოვა და ოჯახს შევქმნით, დავქორწინებით, შვილებს გავაჩენთ. ქალის მთავარი დანიშნულება ხომ დაქორწინება, ერის გამრავლება და ოჯახში კარგი დიასახლისობაა.

 

როგორც პროექტის "ქალები საქართველოდან" რესპოდენტი, 14 წლის მოსწავლე ყვება, მასწავლებლები ბავშვებს ასწავლიან "...რომ გოგომ სახლი უნდა ალაგოს, ბიჭმა კი ფული შემოიტანოს ოჯახში. და რომ ფიზიკა და მათემატიკა ბიჭების საგნებია. გოგოებს კი ეს ნაკლებად სჭირდებათ."

 

ვქორწინდებით.

 

ვქორწინდებით და ვსწავლობთ, თუ როგორ ავიტანოთ ქმრის რთული ხასიათი, სიმთვრალე. ვქორწინდებით და ზუსტად იმდენ შვილს ვაჩენთ, რამდენსაც ნათესავები გადაწყვეტენ. ვქორწინდებით და არასდროს ვუნაწილებთ ქმარს საოჯახო საქმეებს. პასუხისმგებლობებს ჩვენ თავზე ვიღებთ, დამცირებაზე, ღალატსა და უარყოფაზე თვალს ვხუჭავთ, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ვამრთლებთ, ხან ჩვენი ბრალეულობით, ხან მისი დაღლილობით, ალკოჰოლით, ეჭვიანობით. ვქორწინდებით და ვიცით ჩვენი ადგილი. ვიცით სად რა ვთქვათ, ვისთან რა ემოცია გამოვხატოთ, როდის რა ვილაპარაკოთ, ან ვილაპარაკოთ თუ არა. ვსწავლობთ ოჯახში მომხდარის დაფარვას, დამალვას, შენახვას.

 

საქართველოში 2014 წელს 34 ქალი მოკლეს, აქედან 17 ოჯახური ძალადობის შედეგად, 2015 წელს ამ მიმართულებით 26 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2016 წელს 10 თვეში 13 ქალი იქნა მოკლული, ხოლო, 2017 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 12 ქალი მოკლეს.

 

ჩვენც ვსწავლობთ მდუმარებას, მორჩილებას და საიდუმლოდ შენახვას ყველაფერი იმისა, რაც გვტკივა, გვაწუხებს, გვაბრაზებს.

 

არადა, ბრაზი მნიშვნელოვანია.

 

ბრაზი აუცილებელია და გაბრაზებისათვის სრულიად ლეგიტიმური, სერიოზული და მნიშვნელოვანი მიზეზები გვაქვს.

 

მთავარია, გავბრაზდეთ. გავბრაზდეთ და ლაპარაკი, საუბარი, გამხელა, ყვირილი დავიწყოთ. მანამ ვილაპარაკოთ, სანამ ყველა ადამიანი არ მოგვისმენს, სანამ ყველა ადამიანი არ გაიგებს, რომ ჩვენ პრინცესებად არ ვიბადებით, ჩვენ სიბერეში მომვლელებად არ ვიბადებით, ჩვენ სხვის მოსამსახურეებად არ ვიბადებით.

 

გავბრაზდეთ. გავბრაზდეთ და ცვლილებები მოვიტანოთ.

 

გავბრაზდეთ და დავუპირისპირდეთ ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს, დავუპირისპირდეთ ყველა იმ ჩარჩოს, რომელშიც საზოგადოებამ უნებართვოდ მოგვაქცია, დავუპირისპირდეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაჩუმება, სიმშვიდე და დუმილი გვაიძულა.

 

გავბრაზდეთ.

 

გავბრაზდეთ სხვებისთვის, სხვა გოგოებისთვის, ჩვენთვის და ჩვენი გოგოებისთვის, ჩვენი დედებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მეზობლებისა და ახლობლებისთვის. გავბრაზდეთ ყველა ქალისთვის, ვინც იტანდა და იტანს. ვისაც დუმილი აიძულეს, ვისაც ხმა წაართვეს, ვინც მოკლეს და დაივიწყეს, ვისზეც იძალადეს და ჩააჩუმეს.

 

გავბრაზდეთ საკუთარი თავისთვის. იმიტომ, რომ ბრაზს, ლაპარაკს და ჯანსაღ პროტესტს მოაქვს სასიკეთო შედეგები.

 

გავბრაზდეთ და ყველა ქალს ვუთხრათ, რომ დროა. ცვლილებების დროა.

 

ავტორი: ათინა ბრეგვაძე