1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

თბილისის უბანი ვერა - ლუკას ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 14:16

ნახვა: 3495

გაზიარება:

თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი ვერა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სახელწოდებიდან გამომდინარე ის მდინარე “ვერეს” ხეობაშია. სახელწოდება ვერისხევი XIII ს-იდან გვხვდება. სოფელი ვერა XVIII ს.-ის წერილობით წყაროებში იხსენიება. 

 

ვერა, ისევე როგორც თბილისის ნებისმიერი სხვა უბანი წლების განმავლობაში სახეს და საზღვრებს იცვლიდა. ეს განსაკუთრებით მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან შეინიშნებოდა, როცა მოხდა „ვაკის“ ცალკე უბნად გამოყოფა და 80-იანი წლებიდან ძველი - კოლორიტული ნაგებობების გვერდით, ახალი მაღალსართულიანი კორპუსების აშენება. 

 

ბოლო წლებში სამწუხაროდ აშკარად შესამჩნევია უბნის დამახინჯება. გაუთავებელიმა მშენებლობებმა და ავტომანქანების გადატვირთულმა მოძრაობამ ვერას დაუკარგეს ძველებური სიმშვიდე და მყუდროება.

 

ქვემო ვერის მშვენებას წარმოადგენს ვერის ბაღის სიახლოვეს ერთიმეორის გვერდზე გაშენებული ორი ულამაზესი ტაძარი - ლურჯი მონასტერი და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. თვით ვერის ბაღი ყოველთვის სხვადასხვა თაობის ადამიანების შეკრების ადგილს წარმოადგენდა წიგნების, ფირფიტების თუ მარკების კოლექციონერებით დაწყებული, სპორტის გულშემატკივრებით დამთავრებული.

 

აქ აღმართულ ჭადრაკის სასახლეში კი თავიანთ გზას მსოფლიო ჩემპიონობამდე იკვალავდნენ ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე.

 

ვერაზე განლაგებულ ვიწრო ქუჩებში უამრავი ძველი სახლი შეგხვდებათ, რომლებზე დამაგრებული ტრაფარეტებიც გვაუწყებს ამა თუ იმ ცნობილი პიროვნების საცხოვრებელი ადგილის შესახებ. 

 

ვერაზეა ცნობილი კოლხური კოშკი, სადაც დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია და მისი ვაჟი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცხოვრობდნენ. 

 

ზემო ვერაზეა ცნობილ ქართველ კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია შესანიშნავი ქართული ოპერების „აბესალომ და ეთერის“, „დაისის“ და „ლატავრას“ ავტორთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო მოგონება...