1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

ვახტანგ ჭაბუკიანი - ნატალიას ბლოგი

BLOG

06-03-2020 14:48

Views: 4004

Shares:

ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წლის 27 თებერვალს,ქ.თბილისში, ფიქრის გორაზე დაიბადა. მამა - მიხეილ ჭაბუკიანი, ლიკანში ავეჯს ამზადებდა, სადაც ბალტიისპირეთიდან ბორჯომში დასასვენებლად ჩასული ელენე პილიახი გაიცნო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. მიხეილს და ელენეს შვიდი შვილი ეყოლათ. ვახტანგი ყველაზე უმცროსი იყო.

 

 

ჭაბუკიანის ბალეტის პირველი მასწავლებელი მარია პერინი იყო. პერინი-იტალიელი ბალერინა, ქ.ტურინის სამეფო ბალეტის დასის სოლისტი გახლდათ და თბილისში საგასტროლოდ ჩამოდიოდა, შემდეგ კი საქართველოში დარჩა და კერძო საბალეტო სკოლა გახსნა გრიბოედოვის N24-ში (სამხატვრო აკადემიის შენობაში). ეს ამბავი 1916 წელს მოხდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება ქართული საბალეტო ხელოვნების სკოლის დაბადების დღედ.

 

ჭაბუკიანი პერინისთან 12 წლის ასაკში მოხვდა. იქ მისი უფროსი და - თამარი ეუფლებოდა საბალეტო ხელოვნებას. პერინის მოსწავლეეები იყვნენ: ნინო რამიშვილი, სიმონ ვირსალაძე, დიმიტრი და ირინე ალექსიძეები, მარია ბაუერი და ქართული ბალეტის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები. პერინის მიერ მოწყობილი საბალეტო სპექტაკლებისთვის ვახტანგი თვითონ დგამდა საკონცერტო ნომრებს და თვითონ ასრულებდა მათ.

 

1926 წლიდან ჭაბუკიანმა სწავლა პეტერბურგის (ლენინგრადის) ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. ასაკის გამო სასწავლი პროგრამა 3 წელიწადში გაიარა და 

 

1929 წელს ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. ის თითქმის ყველა სპექტაკლში ღებულობდა მონაწილეობას. 

 

ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ჭაბუკიანის და ტატიანა ვეჩესლოვას გასტროლები ამერიკაში 1934 წელს. ეს აშშ-ში საბჭოთა კავშირიდან ხელოვნების სფეროში პირველი გასვლა იყო. 

 

1934 წლის 12 იანვარს ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში’’ გაიმართა მათი წარმოდგენა, რომლის შემდეგ პრესა აღნიშნავდა, რომ ჭაბუკიანმა და ვეჩესლოვამ შტურმით აიღეს ნიუ-იორკი. ეს წარმოუდგენელი წარმატება იყო.

 

1936 წელს ვახტანგ ჭაბუკიანმა პირველი ქართული ეროვნული ბალეტი დადგა თბილისში გოგლა ლეონიძის ლიბრეტოს მიხედვით. ,, მზეჭაბუკი “- მისი პირველი სახელწოდებაა. კომპოზიტორი - ანდრია ბალანჩივაძე, მხატვარი - სოლიკო ვარსალაძე, დირიჟორი - ევგენი მიქელაძე. ეს ბალეტი 1938 წელს პეტერბუგში ახალი სახელწოდებით ,,მთების გული’’ დაიდგა. 

 

ვახტანგ ჭაბუკიანი ქართული ეროვნული ბალეტის ფუძემდებელი გახდა. ამას მოყვა ბალეტი ,,ლაურენსია’’- 1939 წელს, რომელიც ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყაროს მიხედვით’’დაიდგა. 

 

კომპოზიტორი იყო ალექსანდრე კრეინი, მხატვარი - სიმონ ვირსალაძე. ამ ბალეტით ჭაბუკიანმა ახალ, ჰეროიკულ ჟანრს დაუდო საფუძველი. პრემიერა ქ.პეტერბურგში შედგა.

 

1941 წელს იწყება ჭაბუკიანის მოღვაწეობა საქართველოში. 1941 წლიდან 1977 წლამდე ჭაბუკიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელია. ის ჰქმნის ბალეტებს: ,,მთების გული“ - 1941წ., ,,სინათლე’’ - 1947წ., ,,გორდა’’-დ.თორაძე 1949 წ., ,,ოტელო’’-ა.მაჭავარიანი, - 1957წ., ,,მშვიდობისათვის’’-დ.თორაძე - 1953წ., ,,დემონი’’ - ს.ცინცაძე - 1961წ., ,,ბოლერო’’ - მ.რაველი 1962წ., ,,პოემა-ბალეტი’’(ტორკვატო ტასო) ,ფერენც ლისტი, ჯ.გერშვინი, -,,ცისფერი რაფსოდია’’ - 1964წ., ,,განთიადი’’-ფ.ღლონტი - 1967წ., ,,ჰამლეტი’’-რ.გაბიჩვაძე -1971წ., ,,აპასიონატა’’- ლ.ბეთხოვანი - 1980წ. 

 

 

მან ორი ფილმი-ბალეტი გადაიღო: ,,ქართული ბალეტის ოსტატები’’ - 1955წ.  და ,,ოტელო’’-1961წ., სადაც სცენარიც და რეჟისურაც მას ეკუთვნის. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მან თავისი ქორეოგრაფიით განახორციელა კლასიკური ბალეტები:,,დონ-კიხოტი’’, ,,ბაიადურა’’, ,,გედების ტბა’’, ,,მძინარე მზეთუნახავი’’, ,,ჟიზელი’’, ,,კორსარი’’,  ,,კონკია’’, ,,შოპენიანა’’, ,,ესმერალდა’’.

 

ჭაბუკიანმა მთლიანად შეცვალა კაცის როლი ქალისა და მამაკაცის წყვილთა ცეკვაში, გაზარდა მამაკაცის ტექნიკა ვარიაციებში და რაც მთავარია, შექმნა მამაკაცის დიდი ,,ჭაბუკიანისეული’’ პირუეტი, რომელიც დღეს ყველა პა დე დეს შემადგენელი ნაწილია.

 

მან კლასიკური ბალეტის საფუძველზე ახალი, ჰეროიკული ბალეტი შექმნა, კლასიკურისა და ქართული ცეკვის სინთეზზე - ქართული ეროვნული ქორეოგრაფია დაამკვიდრა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დააარსა ქართული კლასიკური ბალეტის სკოლა. თავისი საავტორო ბალეტებით კი ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებას შეუწყო ხელი.

 

1951 წლიდან ვახტანგ ჭაბუკიანი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელია. 1959 წლიდან მან სკოლისთვის ახალი შენობა ააშენა დ.აღმაშენებლის 68-ში (პლეხანოვის გამზირი). 

 

ეს პირველი სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელია, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს და აგრძელებს მის ტრადიციას, ზრდის პროფესიული ბალეტის თვალსაჩინო მსახიობებს. 

 

ამ წლებში ჭაბუკიანი თავის საბალეტო დასთან ერთად ბევრს მოგზაურობს. გასტროლები შედგა ფინეთში (1958 წ.), ლათინური  ამერიკის ქვეყნები (1958 წ.), ავსტრიაში (1958 წ.), ირანში (1959 წ.), უნგრეთში (1966 წ.), პარიზში (1966 წ.), ამერიკის შეერთებულ შტატებში (1964 წ.).

 

1973 წელს იგი ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გაანთავისუფლეს, ცოტა ხანში კი თავისი სასწავლებლიდანაც გაუშვეს. მის ნაცვლად ქართულ ბალეტს ახალგაზრდა ქორეოგრაფი-გიორგი ალექსიძე ჩაუდგა სათავეში. 

 

მაგრამ ჭაბუკიანი არ გაჩერებულა, მას იწვევდნენ საზღვარგარეთ, როგორც პედაგოგს  და ბალეტმაისტერს. (1947 წ .-იაპონია , 1976 წ.არგენტინა,1980 წ.-ფილიპინები, ამავე წელს-კიევში, კომპანია ,,ბალეტი ყინულზე’’იწვევს სამხატვრო ხელმძღვაენელად).

 

1980 წელს ჭაბუკიანი სამშობლოში ბრუნდება და მას კვლავ იწვევენ მის მიერ შექმნილ სასწავლებელში კონსულტანტად. ჭაბუკიანი დათანხმდა ამ წინადადებას და იმ დღიდან იწყება მისი თანამშრომლობა გიორგი ალექსიძესთან. მან თავისი ორი ბალეტი აღადგინა თეატრში - ,,გორდა’’ და ,,ლაურენსია’’. მოგვიანებით ,,ბაიადერა’’.

 

1992 წლის 6 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა. ის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მის სახელს ატარებს ვარსკვლავი გალაქტიკაში. 

 

 

ვარსკვლავთა საერთაშორისო კატალოგში აღნიშნულია, რომ 1996 წლის 28 ივნისს უსახელო ვარსკვლავს ,,გედის თანავარსკვლავედში’’ მიენიჭა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი.